big_1506077690_image

20 ოქტომბერს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ელოდებოდა “გირჩის” ორგანიზებულ ფესტივალს და  იმას, თუ როგორ იმოქმედებდა პოლიცია. ძირითადად ორი ვარიანტი განიხილებოდა: 

  1.  ჯაფარიძეს ვერ დაიჭერენ, იმიტომ რომ პრეზიდენტობის კანდიდატია;
  2.  დაიჭირენ, აბა რას იზამენ?!

სინამდვილეში პირველი ვერსიის მომხრეები აღმოჩნდნენ გამარჯვებულები, თუმცა ნაწილობრივ. დაჭერა-არდაჭერაზე საუბრისას, ხშირად ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი (ზოგისთვის უინტერესო, მოსაწყენი) წიგნის გადაფურცვლა, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ქვია. ამ წიგნში ისეთი ქმედებებია აღწერილი, რომლის გამოც შეიძლება ციხეში აღმოჩნდე, თუმცა მათ შორის ნამდვილად არ არის მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა, და თქვენ წარმოიდგინეთ, გასაღებაც კი. ეს “შავი ხვრელი” უკვე დიდი ხანია არსებობს და როცა მასზე მიუთითებ ხოლმე რომელიმე უინტერესო  შეხვედრაზე, დარბაზის იმ ადგილებიდან, სადაც “ძალოვანები” სხედან, გესმის ფურცვლა-სქროლვის ხმები და ხედავ გაოგნებულ სახეებს. 

საქმე კი იმაშია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლი მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც ნარკოტიკული საშუალების (ამ შემთხვევაში მარიხუანას) ე.წ. “საწყისი ოდენობა” (ნედლი – 10 გრამზე მეტი, გამომშრალი- 5 გრამზე მეტი) მაინც არსებობს. ამ საკითხს არეგულირებს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი. 

 ზურა ჯაფარიძის შემთხვევაში, მან საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გადასცა 3 ღერი სიგარეტი 3 სხვადასხვა ადამიანს. თუ ჩავთვლით, რომ სამივე ღერში მარიხუანა იყო, ე.ი. პრეზიდენტობის კანდიდატმა გაასაღა მარიხუანა (კი, უსასყიდლოდ გადაცემაც გასაღებაა ჩვენი კანონმდებლობით), მაგრამ მას საქართველოს არცერთი კანონი არ დაურღვევია ამ ქმედებით, მათ შორის, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაუდენია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში, (მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ) ნახსენებიც კი არ არის სიტყვა გასაღება. 

ძალიან რომ არ დაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რომ პრაქტიკულად 0%-ია იმის შანსი, რომ ზურა ჯაფარიძის მიერ გასაღებული მარიხუანა 5 გრამზე მეტი ყოფილიყო, შესაბამისად, მას ამ ქვეყნის არცერთი კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება მარიხუანას ე.წ. პოპულარიზაციის და მოხმარების წახალისების ყბადაღებულ თემას, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებდა, ყურადღებით ვუსმენდი ფესტივალზე გამომსვლელებს და არცერთისგან არ გამიგია მსგავსი რამ. 

რაც შეეხება პოლიციის ქმედებას ფესტივალზე დაკავებების დროს, ეპოქალური შემთხვევის მომსწრეები გავხდით, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის მიზნით ადამიანები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში!!! ეს შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი ნონსენსია რაც კი აქამდე მომისმენია და მინახავს. გადაუდებელი აუცილებლობა ნიშნავს იმგვარ სიტუაციას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი საგნის/ნივთიერების განადგურება და ამიტომ ადგილზევე, გადაუდებლად უნდა გაიჩხრიკოს პირი. ანუ იქვე და იმ წამს, განყოფილებაში კი არა, იქვე! თან ძალიან საინტერესო იქნებოდა, მართლა რაიმე რომ აღმოეჩინათ, როგორ აპირებდნენ იმის მტკიცებას, დაკავებულს ჰქონდა თუ სანამ განყოფილებაში მიიყვანდნენ(ან იქ “დაახვედრებდნენ”) მაშინ “ჩაუდეს”? მოკლედ, შსს კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას. 

რა გვასწავლა დღევანდელმა პოსტმა:

  1. ჯაფარას კანონი არ დაურღვევია;
  2. მცირე (ადმინისტრაციული) ოდენობის მარიხუანას გასაღება არ ისჯება.

სპეციალური განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის (იყოს მაინც, რა იცი რა ხდება):

ზემოხსენებული დასკვნა გასაღების ლეგალურობასთან დაკავშირებით არ არის მოწოდება მარიხუანას მოხმარებისკენ ან/და გასაღებისკენ.  🙂 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s