რატომ ვერ დაიჭერ[დნ]ენ ჯაფარას?

 

big_1506077690_image

20 ოქტომბერს ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ელოდებოდა “გირჩის” ორგანიზებულ ფესტივალს და  იმას, თუ როგორ იმოქმედებდა პოლიცია. ძირითადად ორი ვარიანტი განიხილებოდა: 

  1.  ჯაფარიძეს ვერ დაიჭერენ, იმიტომ რომ პრეზიდენტობის კანდიდატია;
  2.  დაიჭირენ, აბა რას იზამენ?!

სინამდვილეში პირველი ვერსიის მომხრეები აღმოჩნდნენ გამარჯვებულები, თუმცა ნაწილობრივ. დაჭერა-არდაჭერაზე საუბრისას, ხშირად ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი (ზოგისთვის უინტერესო, მოსაწყენი) წიგნის გადაფურცვლა, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ქვია. ამ წიგნში ისეთი ქმედებებია აღწერილი, რომლის გამოც შეიძლება ციხეში აღმოჩნდე, თუმცა მათ შორის ნამდვილად არ არის მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვა, და თქვენ წარმოიდგინეთ, გასაღებაც კი. ეს “შავი ხვრელი” უკვე დიდი ხანია არსებობს და როცა მასზე მიუთითებ ხოლმე რომელიმე უინტერესო  შეხვედრაზე, დარბაზის იმ ადგილებიდან, სადაც “ძალოვანები” სხედან, გესმის ფურცვლა-სქროლვის ხმები და ხედავ გაოგნებულ სახეებს. 

საქმე კი იმაშია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლი მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც ნარკოტიკული საშუალების (ამ შემთხვევაში მარიხუანას) ე.წ. “საწყისი ოდენობა” (ნედლი – 10 გრამზე მეტი, გამომშრალი- 5 გრამზე მეტი) მაინც არსებობს. ამ საკითხს არეგულირებს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი. 

 ზურა ჯაფარიძის შემთხვევაში, მან საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გადასცა 3 ღერი სიგარეტი 3 სხვადასხვა ადამიანს. თუ ჩავთვლით, რომ სამივე ღერში მარიხუანა იყო, ე.ი. პრეზიდენტობის კანდიდატმა გაასაღა მარიხუანა (კი, უსასყიდლოდ გადაცემაც გასაღებაა ჩვენი კანონმდებლობით), მაგრამ მას საქართველოს არცერთი კანონი არ დაურღვევია ამ ქმედებით, მათ შორის, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაუდენია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში, (მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ) ნახსენებიც კი არ არის სიტყვა გასაღება. 

ძალიან რომ არ დაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რომ პრაქტიკულად 0%-ია იმის შანსი, რომ ზურა ჯაფარიძის მიერ გასაღებული მარიხუანა 5 გრამზე მეტი ყოფილიყო, შესაბამისად, მას ამ ქვეყნის არცერთი კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება მარიხუანას ე.წ. პოპულარიზაციის და მოხმარების წახალისების ყბადაღებულ თემას, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებდა, ყურადღებით ვუსმენდი ფესტივალზე გამომსვლელებს და არცერთისგან არ გამიგია მსგავსი რამ. 

რაც შეეხება პოლიციის ქმედებას ფესტივალზე დაკავებების დროს, ეპოქალური შემთხვევის მომსწრეები გავხდით, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის მიზნით ადამიანები გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში!!! ეს შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი ნონსენსია რაც კი აქამდე მომისმენია და მინახავს. გადაუდებელი აუცილებლობა ნიშნავს იმგვარ სიტუაციას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი საგნის/ნივთიერების განადგურება და ამიტომ ადგილზევე, გადაუდებლად უნდა გაიჩხრიკოს პირი. ანუ იქვე და იმ წამს, განყოფილებაში კი არა, იქვე! თან ძალიან საინტერესო იქნებოდა, მართლა რაიმე რომ აღმოეჩინათ, როგორ აპირებდნენ იმის მტკიცებას, დაკავებულს ჰქონდა თუ სანამ განყოფილებაში მიიყვანდნენ(ან იქ “დაახვედრებდნენ”) მაშინ “ჩაუდეს”? მოკლედ, შსს კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას. 

რა გვასწავლა დღევანდელმა პოსტმა:

  1. ჯაფარას კანონი არ დაურღვევია;
  2. მცირე (ადმინისტრაციული) ოდენობის მარიხუანას გასაღება არ ისჯება.

სპეციალური განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის (იყოს მაინც, რა იცი რა ხდება):

ზემოხსენებული დასკვნა გასაღების ლეგალურობასთან დაკავშირებით არ არის მოწოდება მარიხუანას მოხმარებისკენ ან/და გასაღებისკენ.  🙂 

პოპულიზმი და მარიხუანა

washimg brain illustration concept

2018 წლის 05 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტით, “მარიხუანას მოხმარება”მკაცრ” სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა”. ასევე, ზემოხსენებულ განცხადებაში, შსს ამბობს, რომ:
“კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება. ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები”.

 საკონსტიტუციო სასამართლომ, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილებით,  არაკონსტიტუციურად გამოაცხადა მარხუანას მოხმარების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა. ამ გადაწყვეტილებაზე წინა ბლოგპოსტშიც ვისაუბრე, სადაც აღვნიშნე, რომ მოხმარების საკონსტიტუციოსასამართლოსმიერი განმარტების ბუნდოვანების აღმოფხვრა, საერთო სასამართლოებს მოუწევდათ. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს ხომ დავიწყებული აქვს ნორმის განმარტების ფუნქცია, პარლამენტს – კანონშემოქმედების, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებული განცხადება უფრო პოპულისტურია, ვიდრე სამართლებრივი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მარიხუანას მოხმარება, კანონით, ისედაც რეგულირდება (დასჯადია სკოლებში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.  მოხმარება);
2. გაუგებარია, რა არგუმენტაციით დაისჯება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი სისხლის სამართლის წესით, მაშინ, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული?
3. შსს-ს საერთოდ “დაავიწყდა”, რომ ნარკოლოგიური კვლევისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარება/კლინიკურ დათვალიერებაზე თანხმობა ნებაყოფლობითია, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ აპირებს მოხმარების ფაქტის დადგენას და მასზე “მკაცრ”  რეაგირებას;
4. მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება (სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლი) ალბათ ყველაზე უმოქმედო მუხლია, რაც ნარკოტიკული დანაშაულების თავშია მოცემული. წლების განმავლობაში, ამ მუხლით, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არავინ გასამართლებულა.
5. ნარკოტიკული საშუალებების,  მათ შორის მარიხუანას გასაღება ისედაც ისჯება და ამაში ახალი და ინოვატორული არაფერია;
6. მარიხუანას მოხმარებისთვის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის მომხრე მეც ვარ, თუ ისინი უშუალოდ პროფესიული საქმიანობის დროს იქნებიან ზემოქმედების ქვეშ, მაგალითად, ქირურგი ოპერაციის მიმდინარეობისას ცხადია არ უნდა იყოს მარიხუანას, ან რაიმე სხვა ნივთიერების (მათ შორის არც ალკოჰოლის!!!) ზემოქმედების ქვეშ. თუმცა,  რატომ უნდა ჩამოართვა ქირურგს საექიმო საქმიანობის უფლება, თუ, მაგალითად, არასამუშაო დროს მარიხუანა მოიხმარა და რამდენიმე დღის შემდეგ გამოავლინეს მოხმარების ფაქტი, სრულიად გაუგებარია.

შსს ამ განცხადებით, რამდენიმე ტყუილს ამბობს და რბილად რომ ვთქვათ, აბსურდულ დებულებებს ასაბუთებს. კერძოდ:

1. თურმე, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული რაღაც საკითხები დაურეგულირებელია და არიქა, ეხლა დავარეგულირებთო;
2. მოზარდებზე ვზრუნავთ და ყველას დავიჭერთ, ვინც მათ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაიყოლიებსო (მერე რა, რომ წლებია, თბილისში არავინ დაუჭერიათ არასრულწლოვანის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების ბრალდებით);
3. ალკოჰოლით მთვრალი მძღოლი ნაკლებად საშიშია, ვიდრე ნარკოტიკული ნივთიერებით მთვრალიო;
4. ძილის წინ თუ ქირურგმა მოწია და მეორე დღეს ოპერაცია ჩაატარა,  ავუკრძალავთ საექიმო საქმიანობის უფლებასო. ანუ, დალიეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ არ მოწიოთო;
5. მარიხუანას გასაღება ისჯება, მაგრამ კიდევ, თავიდან დავსჯითო.

სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ “კანონპროექტს”  მალე ვიხილავთ პარლამენტში და დაჩქარებული წესით, ალბათ  სამ ან ოთხ დღეში (კონსტიტუციისა არ იყოს) მიიღებენ კიდეც, რითაც, რეალურად არაფერი შეიცვლება,  რადგან დუბლირებული კანონებიდა საკანონმდებლო ტავტოლოგია არაფერს ცვლის ხოლმე.
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კანონპროექტს კი,  რომლითაც მართლაც ბევრი რამ შეიცვლებოდა უკეთესობისკენ,  წელიწადზე მეტია,  რაც ღრმა ძილით სძინავს იურიდიული კომიტეტის  რომელიღაც თაროზე.

P.S.

მაინც ვერ გავიგე, განსაკუთრებით მოზარდებს რატომ იცავს ეს “ინიციატივა” და თუ ვინმე მიხვდებით, იქნებ, გამიზიაროთ 🙂

მოკიდებული ღერი – “მოსულა”, მოუკიდებელი – არა?

საკონსტიტუციო სასამართლო და მარიხუანას მოხმარება

Marijuana and a gavel together for many legal concepts on the drug.

ბოლო 4 დღის განმავლობაში, უამრავი ხალხი მირეკავს, მწერს და მთხოვს ავუხსნა, ლეგალურია თუ არა მარიხუანას მოხმარება და ფლობა. სწორედ მათთვის, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, დაიწერა ეს ბლოგი. პერიოდულად, სხვა საკითხებზეც დავწერ, მაგრამ ჯერ ეს, ძალიან ჩახლართული ამბავი გავარჩიოთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. განსაკუთრებით დიდი გაურკვევლობა კი – იურისტებში. სოციალურ ქსელებში თუ მედიაში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება გააკეთეს იურისტებმა თუ არაიურისტებმა.  საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს აღარ დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, ანუ მოხმარება- აღარ ისჯება.

ერთი შეხედვით, ყველაფერი გასაგებია, თუმცა მთავარი პრობლემა სიტყვა “მოხმარების” განმარტებაში იმალება.

2006 წლის შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით: “ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.”

საერთო სასამართლოებიც სწორედ ამგვარად განმარტავენ “მოხმარებას” და არა მოხმარების პროცესს (მოწევას). საკონსტიტუციო სასამართლოც ასე განმარტავდა მოხმარებას გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელშიც, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდა მარიხუანას მოხმარებისთვის.

ყველაზე დამაბნეველი იურისტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა გამოდგა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ “მოხმარებად” უშუალოდ მოწევის პროცესიც მიიჩნია (სადაც სასამართლო სკოლებში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. მოხმარებაზე საუბრობს), რაც, ცხადია, ლოგიკური და სამართლიანია. უმჯობესი იქნებოდა, სასამართლოს ადმინისტრაციული ოდენობის (5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა) ფლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზეც ემსჯელა, მაგრამ სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით, ანუ იმაზე მსჯელობს, რაც გასაჩივრებულია.

ეხლა კი ამგვარი კაზუსის წინაშე ვდგავართ: თუ ადამიანს ჯიბეში უდევს “შეკეთებული” სიგარეტი, ის ადმინისტრაციულად დაისჯება ფლობისთვის, მაგრამ თუ ეწევა – არ დაისჯება. ანუ, მოკიდებული ღერი “მოსულა”, მოუკიდებელი – არა? 🙂

მეორე საკითხია, რა ხდება, თუ მაგალითად, 50 გრამიან “სიგარეტს” (აი, ბობ მარლის ფოტოებში რომ გვინახავს უმეტესობას) ვეწევით?  ესეც ხომ მოხმარებაა, საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკის შესაბამისად? მაგრამ, ამავდროულად, 5 გრამზე დიდი ოდენობის მარიხუანას ფლობა (შეძენა, შენახვა და ა.შ.), იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ საკითხების განმარტების ტვირთი უკვე საერთო სასამართლოებზე გადავა და სასამართლო პრაქტიკით დარეგულირდება. მნიშვნელოვანია, სასამართლომ აიღოს ნორმის განმარტების ფუნქცია, რომელსაც, სამწუხაროდ, თითქმის არ ახორციელებს.

მოცემულობა კი დღეს ასეთია:

  1. ბიოლოგიურ მასალაში თუ მარიხუანა აღმოგაჩნდათ, აღარ დაისჯებით (არც ჯარიმით, არც არაფრით);
  2. თუ სახლში ან სხვა ადგილას (გარდა  სასწავლოსააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებშიარმიაშისამედიცინოსახელმწიფო (საჯაროდაწესებულებებში,  აგრეთვესაზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ  ადგილას (მაგალითადსაზოგადოებრივ  ტრანსპორტში)) მოწევის პროცესში პოლიცია დაგადგათ თავს, სასამართლოს წინაშე მოგიწევთ წარდგომა, თუმცა სასამართლომ (წესით და რიგით) თქვენს სასარგებლოდ უნდა განმარტოს ადმინისტრაციული ოდენობის ფლობა, როგორც მოხმარება;
  3. ბობ მარლის “მასტერკის” ამბავიც სასამართლომ უნდა განმარტოს, იქამდე მეეჭვება რომელიმე იურისტს ზუსტი პასუხი ჰქონდეს ამ კაზუსზე 🙂
  4. საერთო სასამართლოებზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მიდგომების, პრაქტიკის და ნორმის სწორად განმარტების მხრივ;
  5. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, თუ საქართველოს პარლამენტი, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანას ფლობისთვის გააუქმებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ამაზე ირიბად საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს, როდესაც გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ კანონმდებელმა უნდა შეიმუშაოს შესაბამის რეგულაციები, რათა დაიცვას გადაწყვეტილებაში ნახსენები ლეგიტიმური ინტერესები მარიხუანის მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან-ო).

რაც შეეხება ზოგადად მარიხუანას ფლობისთვის არსებულ რეგულაციებს:

  1. 5 გრამამდე მარიხუანას (გამომშრალი) ფლობა – ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს (ჯარიმა ან 15 დღე-ღამემდე ადმინისტრაციული პატიმრობა);
  2. 5-დან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანას ფლობისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არაკონსტიტუციურად ცნო (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მაგრამ პირს სასჯელის სახედ შესაძლოა განესაზღვროს ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (სისხლის სამართლის კოდექსის 273​1. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება მუხლი), რაც იწვევს ნასამართლობას და ასევე პირს ჩამოერთმევა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები (სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო და სახაზინო დაწესებულებაში მუშაობის და სხვა).
  3. 70 გრამზე დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანას ფლობისთვის შესაძლოა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთაც კი იქნას გამოყენებული.

მოკლედ, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ახლა დაველოდოთ, როგორ განმარტავს სასამართლო “მოხმარებას”. იმედია, ეს განმარტებები მალე გაკეთდება და
ნათელი მოეფინება ამ კაზუსებს.

Read more