მოკიდებული ღერი – “მოსულა”, მოუკიდებელი – არა?

საკონსტიტუციო სასამართლო და მარიხუანას მოხმარება

Marijuana and a gavel together for many legal concepts on the drug.

ბოლო 4 დღის განმავლობაში, უამრავი ხალხი მირეკავს, მწერს და მთხოვს ავუხსნა, ლეგალურია თუ არა მარიხუანას მოხმარება და ფლობა. სწორედ მათთვის, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, დაიწერა ეს ბლოგი. პერიოდულად, სხვა საკითხებზეც დავწერ, მაგრამ ჯერ ეს, ძალიან ჩახლართული ამბავი გავარჩიოთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. განსაკუთრებით დიდი გაურკვევლობა კი – იურისტებში. სოციალურ ქსელებში თუ მედიაში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება გააკეთეს იურისტებმა თუ არაიურისტებმა.  საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს აღარ დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, ანუ მოხმარება- აღარ ისჯება.

ერთი შეხედვით, ყველაფერი გასაგებია, თუმცა მთავარი პრობლემა სიტყვა “მოხმარების” განმარტებაში იმალება.

2006 წლის შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით: “ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.”

საერთო სასამართლოებიც სწორედ ამგვარად განმარტავენ “მოხმარებას” და არა მოხმარების პროცესს (მოწევას). საკონსტიტუციო სასამართლოც ასე განმარტავდა მოხმარებას გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელშიც, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდა მარიხუანას მოხმარებისთვის.

ყველაზე დამაბნეველი იურისტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა გამოდგა, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ “მოხმარებად” უშუალოდ მოწევის პროცესიც მიიჩნია (სადაც სასამართლო სკოლებში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. მოხმარებაზე საუბრობს), რაც, ცხადია, ლოგიკური და სამართლიანია. უმჯობესი იქნებოდა, სასამართლოს ადმინისტრაციული ოდენობის (5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა) ფლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზეც ემსჯელა, მაგრამ სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით, ანუ იმაზე მსჯელობს, რაც გასაჩივრებულია.

ეხლა კი ამგვარი კაზუსის წინაშე ვდგავართ: თუ ადამიანს ჯიბეში უდევს “შეკეთებული” სიგარეტი, ის ადმინისტრაციულად დაისჯება ფლობისთვის, მაგრამ თუ ეწევა – არ დაისჯება. ანუ, მოკიდებული ღერი “მოსულა”, მოუკიდებელი – არა? 🙂

მეორე საკითხია, რა ხდება, თუ მაგალითად, 50 გრამიან “სიგარეტს” (აი, ბობ მარლის ფოტოებში რომ გვინახავს უმეტესობას) ვეწევით?  ესეც ხომ მოხმარებაა, საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკის შესაბამისად? მაგრამ, ამავდროულად, 5 გრამზე დიდი ოდენობის მარიხუანას ფლობა (შეძენა, შენახვა და ა.შ.), იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ საკითხების განმარტების ტვირთი უკვე საერთო სასამართლოებზე გადავა და სასამართლო პრაქტიკით დარეგულირდება. მნიშვნელოვანია, სასამართლომ აიღოს ნორმის განმარტების ფუნქცია, რომელსაც, სამწუხაროდ, თითქმის არ ახორციელებს.

მოცემულობა კი დღეს ასეთია:

  1. ბიოლოგიურ მასალაში თუ მარიხუანა აღმოგაჩნდათ, აღარ დაისჯებით (არც ჯარიმით, არც არაფრით);
  2. თუ სახლში ან სხვა ადგილას (გარდა  სასწავლოსააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებშიარმიაშისამედიცინოსახელმწიფო (საჯაროდაწესებულებებში,  აგრეთვესაზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ  ადგილას (მაგალითადსაზოგადოებრივ  ტრანსპორტში)) მოწევის პროცესში პოლიცია დაგადგათ თავს, სასამართლოს წინაშე მოგიწევთ წარდგომა, თუმცა სასამართლომ (წესით და რიგით) თქვენს სასარგებლოდ უნდა განმარტოს ადმინისტრაციული ოდენობის ფლობა, როგორც მოხმარება;
  3. ბობ მარლის “მასტერკის” ამბავიც სასამართლომ უნდა განმარტოს, იქამდე მეეჭვება რომელიმე იურისტს ზუსტი პასუხი ჰქონდეს ამ კაზუსზე 🙂
  4. საერთო სასამართლოებზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მიდგომების, პრაქტიკის და ნორმის სწორად განმარტების მხრივ;
  5. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, თუ საქართველოს პარლამენტი, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანას ფლობისთვის გააუქმებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ამაზე ირიბად საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს, როდესაც გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ კანონმდებელმა უნდა შეიმუშაოს შესაბამის რეგულაციები, რათა დაიცვას გადაწყვეტილებაში ნახსენები ლეგიტიმური ინტერესები მარიხუანის მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან-ო).

რაც შეეხება ზოგადად მარიხუანას ფლობისთვის არსებულ რეგულაციებს:

  1. 5 გრამამდე მარიხუანას (გამომშრალი) ფლობა – ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს (ჯარიმა ან 15 დღე-ღამემდე ადმინისტრაციული პატიმრობა);
  2. 5-დან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანას ფლობისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არაკონსტიტუციურად ცნო (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მაგრამ პირს სასჯელის სახედ შესაძლოა განესაზღვროს ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (სისხლის სამართლის კოდექსის 273​1. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება მუხლი), რაც იწვევს ნასამართლობას და ასევე პირს ჩამოერთმევა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები (სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო და სახაზინო დაწესებულებაში მუშაობის და სხვა).
  3. 70 გრამზე დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანას ფლობისთვის შესაძლოა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთაც კი იქნას გამოყენებული.

მოკლედ, სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ახლა დაველოდოთ, როგორ განმარტავს სასამართლო “მოხმარებას”. იმედია, ეს განმარტებები მალე გაკეთდება და
ნათელი მოეფინება ამ კაზუსებს.

Read more